,,მთავრობის მორიგი ტყუილია, რომ სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება''-გაგი ახალაძე

ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები’’ სწავლის დაწყების გადავადებას აპროტესტებენ.


ისინი სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გადანაცვლებას ითხოვენ.

 

,,სწავლა პირველ ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, ახლა გვეუბნებიან 19-ში დაიწყებაო, რაც ტყუილია.  მთავრობა სპეციალურად აჭიანურებს დროს. იოლი მისახვედრია რატომ აკეთებენ ამას. პანდემიის შიშის გამო შეიძლება არჩევნებზე ბევრი ვერ მივიდეს, რაც მთავრობისთვის ხელსაყრელია. ეს არის გზა იმისა, რომ  გააყალბონ არჩევნები. გარდა ამისა, მასწავლებლები და ლექტორები ჩართული ჰყავთ საარჩევნო კამპანიაში და პარტიულ აქტივად იყენებენ’’-ამბობს ახალგაზრდა ,,ლეიბორისტების’’ ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე.

გაგი ახალაძის თქმით, მაგალითებმა აჩვენა, რომ ონლაინ სწავლება არ არის ხარისხიანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლებმა და უნივერსიტეტებმა რეგულაციების დაცვით განაახლონ სასწავლო პროცესი. მისი თქმით, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ვირუსთან ერთად ცხოვრებას  და გამოიმუშავოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური იმუნიტეტი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, საქართველოში უნივერსიტეტები მუშაობას 19, ხოლო ბაღები 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. მანამდე მთავრობა სასწავლო პროცესის დაწყებას პირველი ოქტომბრიდან აანონსებდა.

 

| Print |