“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის

მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, დღეიდან საარჩევნო კამპანიას აქტიურად იწყებს. მისივე თქმით, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე მერის თანამდებობაზე მეტი შესაძლებლობები ექნება, იზრუნოს და იმუშაოს ქუთაისისთვის.

იოსებ ხახალეიშვილმა 7 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და განაცხადა, რომ განხორციელებულ პროექტებს შორისაა 7 ახალ რეგიონთან დამეგობრება, ევროპის რეგიონთა ასამბლეაში გაწევრიანება და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის წევრობაა, რამაც საშუალება მისცა ქუთაისს, რომ მომავალ წელს ქალაქმა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლოს.

“სწორედ ამ გამოცდილებით, ამ თანამშრომლობით, ამ კავშირებით მოვდივარ ჩემ გუნდთან ერთად ამჯერად ქუთაისისთვის, მოვდივარ იმისათვის, რომ ქუთაისი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქი და გავხადოთ კიდევ უფრო ცნობადი, რომ ჩვენმა ქალაქმა შეძლოს კიდევ უფრო ღირსეული ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან ერთად ამას წარმატებით განვახორციელებ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *