,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური, ადაპტირებული საარჩევნო უბნები გაიხსნება’’

-ამის შესახებ ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” იმერეთის კოორდინატორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრისას ისაუბრა. ქეთევან ბერძენიშვილი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თავად  აირჩიონ რომელ უბანში სურთ ხმის მიცემა.  რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც უბანზე მისვლის საშუალება არ აქვთ, საარჩევნო ყუთის სახლში მიტანის მოთხოვნით  კომისიას 26 სექტემბრამდე უნდა აცნობონ.

 

,,ამ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვთ. აუცილებელია იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ, უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ საარჩევნო უბანზე. დღეს მათ გავაცანით ის ცვლილებები, რაც 2020 წლის საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებზეა შესული, ეს მოიცავს პირბადის ტარებას, თერმოსკრინინგის გავლას, დეზობარიერის გამოყენებას და ა.შ. ისინი აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე,’’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.

,,გავეცანით წესებს, როგორ უნდა მოვიქცეთ არჩევნებზე, რომ არ გავხდეთ ვირუსის გამვრცელებლები. სამწუხაროა, რომ შშმ პირების დიდი ნაწილი იძულებულია სახლში მისცეს ხმა, რადგან ბევრი უბანი არაადაპტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო უბანი ამ კუთხით მოუწესრიგებელია, მაინც მივდივარ არჩევნებზე, თუნდაც სხვების დახმარებით. არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია, რათა არ დაიკარგოს ჩვენი ხმა,’’-ამბობს შეხვედრის მონაწილე ნათია ჩიხლაძე.

შეხვედრა პროექტის ,,31 ოქტომბერს შენ უნდა აირჩიო’’ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორცილებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *