არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმერეთის რეგიონში 9 დარღვევის ფაქტი აღმოაჩინა, მათგან 3 ქუთაისში, 3 თერჯოლაში,  1 ხარაგაულში, 1 ტყიბულში, 1 კი საჩხერეში.

 

ორგანიზაციის მონაცემებით,  ქუთაისის საარჩევნო ოლქის #9, #15, და #16 უბნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნების გარეთ დგანან და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. 

ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტებთან გვაქვს საქმე ასევე თერჯოლის საარჩევნო ოლქის #1, #30 და #2 საარჩევნო უბნებთან. #2 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მძღოლს მითითება მისცა, ავტომობილით მოეყვანა ამომრჩევლები, რადგან უბანთან ამომრჩეველთა რიგი შემცირდა.

ამომრჩეველს აღრიცხავდნენ ასევე ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #30 უბნის შესასვლელთან. უბანთან იმყოფებიან მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატიც.

ტყიბულის საარჩევნო ოლქის #32 უბანთან დგას ავტომობილი, მასში მსხდომ პირებს აქვთ ამომრჩეველთა სიები და ისინი უბანში შესვლამდე ამომრჩეველს აჩერებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შენიშვნის შემდეგ მათ უბნის შორიახლოს გადაინაცვლეს.

საჩხერის საარჩევნო ოლქის #14 უბნის წინ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მაგიდასთან სიებით სხედან და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *