"შეზღუდვების შედეგები სახეზე რამდენიმე კვირაში იქნება"- იმერეთის გუბერნატორი 
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. 28 ნოემბრიდან დაიხურება მაღაზიები, ბაზრობები და რესტორნები. რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქში ასევე საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა შეწყდება.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, შეზღუდვების საჭიროება დღის წესრიგში იდგა. მისივე თქმით, შეზღუდვების ამოქმედება ვირუსის სტატისტიკის შემცირებას რამდენიმე კვირაში გამოიწვევს.  

"საჭიროება რომ იყო მგონი ამას ყველანი ვხედავთ იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს არა მხოლოდ იმერეთის, არამედ მთელ საქართველოში. ჩვენ შეზღუდვების შედეგი გაზაფხულზე უკვე ვნახეთ და ახლაც სახეზე იქნება რამდენიმე კვირაში. ეკონომიკურ ნაწილზე პრემიერმა ახსენა როგორი ტიპის სუბსიდირება ხდება და როგორი დახმარებები იქნება იმ ადამიანებზე, ვინც ამ პერიოდში დაკარგა სამუშაო. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ტურისტული მიმართულება და დაემატა სარესტორნო მიმართულება, რომლებსაც იგივე შეღავათები ექნებათ, რაც ტურისტულ სექტორს,"-განაცხადა შალამბერიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში ვირუსის 793 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 




| Print |