ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა

58 მილიონ 586 ათას ლარს შეადგენს. ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტი განიხილა და დასაკორექტირებლად მერიას უკვე დაუბრუნა. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მთავარი სპეციალისტის ნიკოლოზ ჩიხლაძის განმარტებით, საკრებულოს ბიუჯეტთან ჯამში 10 შენიშვნა აქვს, რაც ძირითადად რედაქციული ხასიათისაა და ასევე პარამეტრების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. 

ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სათამაშო ბიზნესის, დასუფთავების მოსაკრებელი, რაც შენიშვნის მიხედვით უნდა გაიზარდოს, ასევე მცირეა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული თანხები. ასევე საკრებულოს ერთ-ერთი შენიშვნაა, რომ შეიქმნას ცალკე პროგრამა ან ქვეპროგრამა კოვიდ 19-ით დაზარალებული პირებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის შესახებ. ასევე, ცალკე პროგრამა ან ქვეპროგრამა შეიქმნას კოვიდ 19-ის დროს დაზარალებული ბიზნესის დასახმარებლად, რაც კონსულტაციასა და ბიზნესისთვის პროფილის შეცვლას მოიცავს.

“ვვარაუდობთ, რომ ამ შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, როდესაც მერია შესწორებულ ვარიანტს შემოიტანს,”-განაცხადა ნიკოლოზ ჩიხლაძემ.

წინა წლების მსგავსად, ბიუჯეტში პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებები. 

მერია ვალდებულია, გადამუშავებული ბიუჯეტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე წარადგინოს, რის შემდეგადაც ის განსახილველად კომისიებზე გავა, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. 

ბიუჯეტის განხილვაში ბოიკოტის გამო ოპოზიცია არ მონაწილეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *