“შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობაა

მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა,”-ეს განცხადება ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და 28 თებერვალს ქუთაისში, ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

“აუცილებელია, არ დარჩეს არც ერთი კითხვა და გაუცემელი პასუხი ამ მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ უკვე დღეს ვხედავთ სიტუაციას რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც საქართველოში ხდება, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ აბსოლიტურად ჩართულები ამ თემაში ჩვენ პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა. მოვიწვიოთ დამატებით ჩვენთან ტელევიზია, პრესა, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას. შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობაა ის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა უმნიშვნელოვანეს მშენებლობას. მოვუწოდოთ მათ, ვისაც გაუფორმდა ხელშეკრულება, რომ უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის დასაქმება. დღევანდელი ინფორმაციით, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არ არის შესრულებული,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

ზაზა ლომინაძემ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

“პარლამენტს ამისთვის აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამ შემთხვევაში გამოდის მოთხოვნით, რომ ამასთან დაკავშირებით იყოს უფრო აქტიური დისკუსია პარლამენტში მათ შორის. რასაკვირველია, ეს განხილვის საგანია მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება ამაზე, შეგვიძლია საკომიტეტო ან პლენარულ ფორმატში, პარასკევს მოვუსმინოთ სხვა პროფილის მინისტრებს ამ თემაზე,”-განაცხადა თალაკვაძემ.

თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და კითხვებზე პასუხს ითხოვს. ისინი ღამეებს კარვებში ათევენ. 28 თებერვალს კი ქუთაისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *