ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს

დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის “მცველებს” შეხვდებიან. ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რიონის ხეობის “მცველებთან” მინისტრები მომდევნო შეხვედრისათვის შესაბამის ფორმატსა და დროზე შეთანხმდებიან. 

“ნამდვილად გული დაგწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა. ის ადამიანები, რომლებიც კარვებში იმყოფებიან, ვერ დაესწრნენ შეხვედრას. ამიტომ მე და ჩემი კოლეგა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ ახლა იქ, შევხვდებით ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის. პირველ რიგში ვუთხრათ, რომ ჩვენთვის ნამდვილად დიდი სურვილია საუბარი გაიმართოს, ვწუხვართ იმის გამო, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს აქ ჩამოსვლა. გვესმის მათი, იმიტომ რომ ღია ფორმატი არის აუცილებელი. თქვენც ხედავთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მედია სრულად დავასწარით შეხვედრას. შევთანხმდებით თარიღზე და ფორმატზე, როდესაც მათი მხრიდან და ასევე ჩვენი მხრიდან ექსპერტები იქნებიან ადგილზე,”-განაცახდა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს მოსახლეობას ცაგერის კულტურის ცენტრში შეხვდნენ. ადგილობრივების ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, მათთვის თურნავას პასუხები დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *