ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო მუხტი არ ცხრება.

ადგილობრივები უკვე 141-ე დღეა სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ღამეს კარვებში ათევენ. ქუთაისში უკვე ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუერთდნენ. პროტესტი აქტიურ ფაზაში შედის, მაგრამ პოლიტიკოსებს პროცესში ჩარევის უფლება არ აქვთ. საზოგადოების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აქციაზე მისვლა მხოლოდ რიგითი მოქალაქეების რანგში შეუძლიათ, პროცესი კი მათ გარეშე იმართება. რადიო ,,ძველი ქალაქი’’ ქუთაისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა და კაშხლის მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათი აზრი მოისმინა. მათი უმრავლესობის შეფასებით, ის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნიდან პოლიტიკოსების ხმა არ ისმის, მნიშვნელოვნად ვერაფერს ცვლის, რადგან ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი გადამწყვეტია და პოლიტიკური პარტიებიც საზოგადოების გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ ჰესის მშენებლობა ანტისახელმწიფოებრივია და ის მხოლოდ ხელისუფლების ვიწრო კორუფციულ ინტერესებს ემსახურება.

 

,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თევდორაძე მშენებელ ,,კომპანია ,,ენკასთან’’ გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალურად მიიჩნევს, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო კომპანიისგან ელექტროენერგიას 6.2 ცენტად შეიძენს, რაც დღევანდელ ტარიფზე საკმაოდ ძვირია. ასევე გარკვეული დროის შემდეგ ,,ენკა’’ იხსნის ვალდებულებას ელექტროენერგია მიჰყიდოს სახელმწიფოს, რაც თევდორაძისვე შეფასებით,  ხელშეკრულების ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გიორგი თევდორაძე მკვეთრად ემიჯნება იმ ადამიანთა პოზიციას, რომლებიც უცხოელი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას არასახელმწიფოებრივად მიიჩნევენ, თუმცა თვლის, რომ მნიშვნელოვანია რა პირობებით და რამდენი ხნით გასხვისდა მიწა. ენერგოდაუკიდებლობისთვის პოლიტიკოსი ხელისუფლებას ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებას ურჩევს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ამ მეთოდს უკვე დიდი ხანია მიმართავს.

,,ჰესი ევროპაში აღარ შენდება. კაშხლის აშენებით ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ვარღვევთ, რადგან სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული უარი თქვას ჰესების მშენებლობაზე. არსებობს უამრავი ალტერნატიული გზა, რომ ენერგოდეფიციტი შეივსოს. ჰესი მახვილია ჩვენი შვილების მომავლისთვის,’’-ამბობს გიორგი თევდორაძე.

იმავე მოსაზრებას იზიარებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, გიგა შუშანია. მისი თქმით, სოფელ ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობის სამართლებრივი ასპექტები და იურიდიული ხარვეზები კარგად ჩანს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნაში, რაც ნათლად ადასტურებს, რომ რიონის ხეობაში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა.

,,ეს პროცესი მხოლოდ კალაძის და ივანიშვილის ფინასურ ინტერესებს ემსახურება, ხალხის ინტერესი გათვალისწინებული არაა,’’-აცხადებს გიგა შუშანია.

პოლიტიკოსის თქმით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ პროექტს არ აპატიებს, რის დადასტურებაც ქვეყანაში განვითარებული საპროტესტო მოვლენებია. რაც შეეხება პროცესიდან პოლიტიკური პარტიების ჩამოშორებას, გიგა შუშანია ამბობს, რომ ხალხის აზრს პატივს სცემს და ყოველთვის იქნება სოლიდარული მათ მიმართ, ოღონდ რა ფორმით, ეს თავად საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება გაუგებარია ,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძისთვის. მისი მოსაზრებით, პროცესი პოლიტიკურია და მისგან პოლიტიკოსების ჩამოშორება აჩენს ეჭვს, რომ აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას გარკვეულ რევერანსებს უკეთებენ.

,,ამით თითქოს უნდათ ხელისუფლებას დაანახონ, რომ პოლიტიკოსებს არ ჩარევენ და მთავრობას დისკომფორტს არ შეუქმნიან. რის დამტკიცება სურთ პოლიტიკოსები არ გვინდაო რომ ამბობენ? სუფთა ხელებით მოვდივართო?- სვამს კითხვას დავით გოგისვანიძე.

სოფელ ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსი მთავარ პრობლემად საზოგადოების კითხვებზე ხელისუფლების მხრიდან პასუხის არქონას ასახელებს. მისი თქმით, პროექტმა საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა, რომელზეც დასაბუთებული პასუხი ამ დრომდე არ გაცემულა.

,,სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე უამრავ ბიზნესმენს აქვს მიწა აღებული და უნიკალური ყურძნის ჯიშების ბიზნესს ეწევა. საუბრობენ იმაზე, რომ ჰესის მშენებლობა შეცვლის კლიმატს და გამოიწვევს ამ ჯიშების ხარისხობრივ გაუარესებას. თუ ეს ნამდვილად ასეა, უნდა დავფიქრდეთ, რა მოგვიტანს მეტ სარგებელს, ელექტროენერგია თუ სხვა სახის ბიზნესი ან თუნდაც ტურიზმი, რომელიც ამ მხარეში ვითარდება?-ამბობს დავით გოგისვანიძე.

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პროტესტი ოთხ თვეზე მეტია მიმდინარეობს. სამუშაოებს თურქული კომპანია ,,ენკა’’ ახორცილებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *