ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმის საჯარო

განხილვა იწყება. პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავებული არ არის და წარმოდგენილი დოკუმენტი ქუთაისის განვითარების ხედვებს მოიცავს. ქუთაისის მერიის ააიპ ,,არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს”” ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ ქუთაისში საჯაროდ ის დოკუმენტი განიხილება, რომელიც თბილისში იყო წარდგენილი. 

“თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გვქონდა შეხვედრები პროფესიულ წრეებთან. ახლა გვინდა ფართო საზოგადოების აზრი მოვისმინოთ. მხოლოდ ეს ნაწილი დაგვრჩა, რომ ხედვა დავასრულოთ და შემდეგ გადავალთ კონცეფციის ეტაპზე. ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ასე ვხედავთ ქუთაისს მომავალში, მაგრამ თქვენ რას გვეტყოდით, რამდენად სწორია ჩვენი ხედვები,”-ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.

საჯარო განხილვაში მონაწილეობას პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრები და ურბანულ-ქალაქგეგმარებით სფეროში მოღვაწე სპეციალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები მიიღებენ.

შეხვერა 8 აპრილს, 11:00 საათზე, წერეთლის უნივერსიტეტში დაიწყება. საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

გეგმის პირველი წარდგენა თბილისში მოხდა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ გეგმა ქუთაისში უნდა განხილულიყო. 

მერიამ სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქის განაშენიანების თაობაზე გენგეგმის დამტკიცების შესახებ ტენდერი 2020 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა”” გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *