ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’, გიგა შუშანია

მერიას ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი აქტივისტების შენახვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერიამ  სატრანსპორტო კომპანიაში საკუთარი აქტივისტები დაასაქმა და კომპანიის ბიუჯეტი 2 მილიონ 400 ათას ლარამდე გაზარდა, რაც ქუთაისის ეკონომიკას მძიმედ დააწვება. სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტის ზრდას ის არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, ამ გზით მერია არჩევნების მოგებას ცდილობს.

 

,,მაშინ როცა ქუთაისში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, უმუშევრობაა და ხალხი ქალაქიდან გარბის,  მერია თავისი აქტივისტების შენახვისთვის 2 მილიონ 400 ათას ლარს ხარჯავს. სატრანსპორტო კომპანიაში თავმოყრილი არიან ადამიანები, რომლებიც აქციებზე კვერცხებით და ცოცხებით დარბოდნენ, ,,ქართული ოცნების’’ შეხვედრაზე კმაყოფილი, ხოლო ოპოზიციის შეხვედრებზე უკმაყოფილო ამომრჩევლების როლს ასრულებდნენ და შეხვედრებს შლიდნენ. ამ ზონდერების შენახვა 2 მილიონზე მეტი გვიჯდება. ეს ადამიანები იმიტომ დაასაქმეს, რომ მათი დახმარებით არჩევნები მოიგონ. გაუგებარია რისთვის სჭირდება ბიუჯეტს ეს თანხა მაშინ, როცა ძველი ტარიფი იგივე იყო და კომპანია მოგებასაც ნახულობდა.ეს ნიშნავს, რომ მერია ამ საქმეს თავს ვერ აბამს, ფულს იპარავს და წინასაარჩევნოდ თავის აქტივისტებს ასაქმებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტის ზრდა ობიექტური მიზეზებით მოხდა. მათი თქმით, სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებამ ხარჯების ზრდაც გამოიწვია.

,,ქუთაისის მერიამ განახორციელა უპრეცედენტო რეფორმა, რის შედეგადაც ქალაქში მოწესრიგდა სატრანსპორტო სისტემა. შემოვიდა მუნიციპალური სერვისი, რაც არის კომფორტული და უსაფრთხო. მაშინ, როცა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაიმართა და 30 ათასამდე მოქალაქისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50%-იანი შეღავათი დაწესდა, გაუგებარია რატომ ისმის კითხვები ხარჯების ზრდასთან დაკავშირებთ საკრებულოს დეპუტატის მხრიდან. ის კარგად უნდა აანალიზებდეს, რომ საჭიროა სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება მერიის მხრიდან. მსგავსი შემთხვევები ჩვენი წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის უშედეგო მცდელობაა,’’-აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *