ქუთაისში პროექტის ,,შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი- მეტად დაცული ქალი”

შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებიც შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგინეს. პროექტი ასევე მოიცავდა ტრენინგების ციკლს დასაქმებულ ქალებთან და დამსაქმებლებთან, ბროშურების გავრცელებას და პიარ კამპანიას. ანგარიშის მიხედვით, იმერეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა შეინიშნებოდა, რაც დისკრიმინაციის ნიშანია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კვლევის დროს თითქმის არცერთ ქალს საკუთარი უფლებების დარღვევის შესახებ არ უსაუბრია.

,,დღეს გამოწვევად რჩება ქალთა შრომითი უფლებები, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული შრომითი კანონმდებლობის შესახებ, სწორედ მათ ინფორმირებას და ცნობიერებას ამაღლებას ემსახურებოდა პროექტი, რომელიც განვახორციელეთ,” – ამბობს პროექტის მენეჯერი მაკა ხეცურიანი.
,,მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა შრომის კოდექსი, ბევრმა ქალმა ნაკლებად იცის ამ ცვლილებების შესახებ. დასაქმების მსურველ ქალებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ. ასევე, დასაქმების ადგილზე ხშირად ვაწყდებით ქალთა დისკრიმინაციას. ბევრს მონური შრომაც უწევს. ამიტომ აუცილებელია მათი ინფორმირება,” -ამბობს ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ბერძენიშვილი.
პროექტი 10 თვის განმავლობაში ,,ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *