პარტია ,,საქართველოსთვის’’ ხარაგაულის მერობის კანდიდატი,  ვარლამ თავზარაშვილი,

წინასაარჩევნო პერიოდში ,,ქართული ოცნების’’ შტაბის მხრიდან მოსახლეობის ზეწოლაზე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, ხარაგაულის #48 საოლქო კომისიის მდივანმა, მაყვალა სულაქველიძემ კომისია ზეწოლის შედეგად დატოვა, თუმცა რა სახის ზეწოლაზეა საუბარი, ამას ვერ აკონკრეტებს, რადგან მისი თქმით, მაყვალა სულაქველიძე ამ თემაზე ნაკლებად საუბრობს.

 

,,ეს ქალბატონი უკვე ოცი წელია საოლქო კომისიაშია, კომიის თავმჯდომარის, გია ცისკაძის მხრიდან ზეწოლის შედეგად მან კომისია დატოვა. კონკრეტულად რა სახის ზეწოლა განხორციელდა მასზე, ამაზე არ საუბრობს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს. ,,ქართული ოცნება’’ კარგად ხედავს, რომ რეიტინგს კარგავს და არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება,’’-ამბობს ვარლამ თავზარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე დასაქმებულ მუშებს ხმების ,,ქართული ოცნებისთვის’’ მიცემას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში განთავისუფლებით ემუქრებიან.

გარდა ამისა, ვარლამ თავზარაშვილის თქმით, მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით აშინებენ.

,,მაჟორიტარობის კანდიდატები კარდაკარ დადიან და მოსახლეობას აშინებენ, რომ დამხარებას მოუხსნიან. მაგალითად, სოფელ ლაშეში მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი იმყოფებოდა ერთ-ერთ ოჯახში და სოციალურის მოსხნით დაემუქრა. მივმართავთ ,,ქართული ოცნების’’ შტაბს, არ იფიქრონ, რომ არჩევნების გაყალბებას დავუშვებთ, ამ არჩევნებზე ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება,’’-აცხადებს ვარლამ თავზარაშვილი.

ხარაგაულის ,,ქართული ოცნების’’ შტაბის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *