რუსეთში, საარჩევნო ბიულეტენების 100 %-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემებით სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში პარტია “ერთიანი რუსეთი” 49.82 %-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა “რუსეთის კომუნისტური პარტია” 18.93%-ით, ხოლო მესამე ადგილზე “ლიბერალ-დემოკრატიული პარტია” გავიდა 7.55%-ით.

სათათბიროს ქვედა პალატაში ასევე შედიან “სამართლიანი რუსეთი” 7.46% და “ახალი ადამიანები” 5.32%-ით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გახსნილი “საელჩოების” წინასწარი მონაცემებით, დუმის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებმა, ან დროებით მყოფმა რუსეთის 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ – 14 ათასზე მეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში და 11 ათასზე მეტმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის არიან რუსული ბაზების სამხედროები, რომელთა საერთო რიცხვი 8 ათასამდეა.

დუმის არჩევნებისთვის რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი შეუერთა ჩიტის, იმიერბაიკალეთის, ვორონეჟის, სამარის და ლენინგრადის ოლქებს.

რუსეთის დუმის არჩევნებისთვის, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში 9 უბანი იყო გახსნილი, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში – 10.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ 20 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის დუმის არჩევნებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 20-მდე საარჩევნო უბანი უკანონოდ იყო გახსნილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება გმობს საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.”- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები უკვე შეაფასა  საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცის შემცირების გამო და არ აღიარებს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს. იგივე პოზიციაზე შეერთებული შტატებიც. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის ხელსაყრელ პირობებში არ ჩატარებულა.

“რუსეთში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელ პირობებში ჩატარდა,” – ასეთია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *