მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რასაც ხელშეკრულების შეწყვეტით ბიუჯეტი მიიღებს. გოლეთიანი აღნიშნავს, რომ ჰესის აშენების პირობებში ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.

ის ასევე მოულოდნელს უწოდებს “ენკას” გადაწყვეტილებას, თუმცა ამბობს, რომ არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, რადგან საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

გოლეთიანის თქმით, სანამ მიწებზე გაცემული ნებართვები არ გაუქმედება, პროტესტი არ შეწყდება.

“ენკამ თქვა რომ ის აპირებს გასვლას. ამის შემდეგ ერთ თვიანი პროცესია და ამ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაწყვეტა. მნიშვნელოვანია, მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, მიწის საკითხი. უნდა დაგვიბრუნდეს მიწები უკან. ჩვენი ბრძოლა და ყურადღება ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს.
მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის საკმარისი, ასევე მნიშვნელოვანია მიწებზე გაცემული კაბალური ნებართვები, ეს ჩვენს მოთხოვნებშიც არის ჩაწერილი, ამიტომ, სანამ სამინისტრო არ გააუქმებს ნებართვებს, მანამდე პროტესტი აქ არ შეწყდება, ჩვენ არ ვიშლებით და არ მივდივართ!

ჩვენ 329 დღეა ვუხსნით საზოგადოებას, რატომ არის ეს ხელშეკრულება კაბალური და ამ ხელშეკრულების შენარჩუნებით რა ზიანი მიადგება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ხელშეკრულება არის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი, ვიდრე ის, თუ რა ფინანსურ ზარალს მოიტანს აღნიშნული ხელშეკრულების გაწყვეტა. პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რა ზარალიც შესაძლოა დაგვეკისროს ამ ხელშეკრულების გაწყვეტით,”- ვარლამ გოლეთიანი

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA  ნამახვანჰესის ხელშეკრულებას წყვეტს.
კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად პირობების დარღვევას და ფორს-მაჟორს ასახელებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *