საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვაზე ტყუილია.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში  პოზიტიურია და საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას  დადებითი შეფასება აქვს.

მინისტრი ამბობს, რომ არა თუ გაზრდილია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, არამედ 75%-ით არის შემცირებული.

“მინდა დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული”,- დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

გუშინ, 29 სექტემბერს, EUobserve-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დისკუსიები კვლავ წამოიჭრა. EUobserve-ის თანახმად, 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ბოლო დროს უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის მზარდი ტენდენციით სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებულნი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, EUobserve-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და მას ფეიკ ნიუსი უწოდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *