საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს არ გაუცია.

“ნეტგაზეთმა” 2021 წლის 3 ივნისს ჰკითხა სამინისტროს, აქვთ თუ არა “საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის” მე-10 მუხლის და საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული დასკვნა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტსა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებაზე, რაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა რომ, უწყებას აღნიშნული დასკვნა გაცემული არ აქვს:

“გაცნობებთ, რომ ნამახვანი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით “საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაცემული არ აქვს” – ნათქვამია განცხადებაში.

“ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი – აფასებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს და იმას, თუ რამდენადაა დაცული ხელშეკრულებით სახელმწიფოს ინტერესი. აღნიშნული დასკვნები ამ ტიპის პროექტისთვის ცენტრალური დოკუმენტებია და მათი არარსებობა საქართველოს მთავრობის მიერ ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმების უკანონოდ ცნობისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის”, – წერდა დასკვნების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *