საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს,

რომ კადრებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო, ექსპრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. ვიდეომასალა გუშინ გავრცელდა და მასში სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს.

,,ეს კაცი არ არის ნორმალური. ადამიანი, რომელიც ამ ვიდეოს იხილავს, როგორ შეიძლება მასზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს?! ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ჩაგრავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს. კადრებში ჩანს, რომ ის აშკარად არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს სპეცსამსახურების გატაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ სიტუაციასა და მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ის ახლა და მთელი მისი გუნდი. სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა, აქ, რომ ასეთი გზით შემოდიოდა, ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში,’’-ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სამარცხვინოდ შემოიპარა.

,,წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, 9 წელი მას ერქვა ქვეყნის პრეზიდენტი და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა არასერიოზულად. პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენ ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ “ეს არის მოტაცება” და “არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს”.

ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ვიდეოს ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია და ახლა მანიპულაციისთვის გამოიყენება.

“გუშინ საღამოს მე გადმომეცა სრული მასალები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რაც პროკურატურას გააჩნია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები. ამ მასალების მიხედვით სააკაშვილის მობილური ტელეფონები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ისე, რომ ამ დრომდე ეს ტელეფონები გახსნილი არ არის, ამ დრომდე ამ ტელეფონებიდან ინფორმაცია მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული არ არის ოფიციალურად. შესაბამისად, რა გამოდის, რომ ტელეიმედს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან ჩანაწერები მიაწოდა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებული არ არის, არ წარმოადგენს მტკიცებულებას”, — აცხადებს ბასილაია TV პირველის ეთერში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *