თბილისში დაგეგმილ ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

მმართველი გუნდის მხარდამჭერების იმერეთიდან წაყვანას ორგანიზებას ქუთაისის ,,ქართული ოცნების’’ ოფისი გაუწევს. აქციის მონაწილეები ახალგაზრდობის გამზირიდან 9:00 საათისთვის გავლენ. ,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარის, გია ბასილაძის თქმით, წასვლის მსურველები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებიც.

,,მოდიან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები, ყველა ადამიანი თავის არჩევნაში თავისუფალია და ზოგი თავისით მოდის, ზოგს ჩვენ ვუწევთ კოორდინირებას. დაახლოებით, 5-6 ათასი ადამიანი მიგვყავს. ,,ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მოწინააღმდეგე ბევრია და დარწმუნებული ვარ, ხვალ თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბება,’’-აცხადებს გია ბასილაძე.

27 ოქტომერს, 17 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამავე ადგილზე გაიმართა 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 სექტემბერს დაანონსებული აქცია კონტრაქცია არ არის და ეს შემაჯამებელი საარჩევნო აქციაა, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის მმართველი გუნდის ძალის ჩვენებაა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *