ქუთაისის #90-ე უბნის რეგისტრატორი, იზა ჩირგაძე აცხადებს, რომ მის მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა და არავინ დამუქრებია.

ჩირგაძე გუშინ გვიან ღამით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დროებით სიტუაციას გაერიდა და მის მიმართ ზეწოლას, ან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

“არანაირი საფრთხის წინაშე არ ვიყავი. ყველაფერი იყო ნორმაზე, არანაირი დამუქრება, არანაირი ზეწოლა, არანაირი გატაცება. ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად. სოფელში ვიყავი, ნათესავთან დროებით ჩასული, მოხმარება სჭირდებოდა და მოვეხმარე სოფელში”, — ამბობს ის.

პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

2 ნოემბერს, პრესკონფერენციის მეორე დღეს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ჩირგაძეს ვეღარ უკავშირდებოდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მაც, რომელმაც მისი უფლებების დაცვის მზაობა გამოთქვა, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

გუშინ, 3 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, ის კომისიის წევრთან საუბარს აპირებდა, ამის შესახებ კი სატელეფონო საუბარში თავის მეგობრებს უთხრა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, მეზობლებისგან ჩირგაძის პოლიციაში გადაყვანის შესახებ შეიტყო და ადგილზე მივიდა, თუმცა ჩირგაძე პოლიციის შენობიდან “გააპარეს”. მისივე თქმით, პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ჩირგაძესთან კომუნიკაცია მხოლოდ რუსთავი 2-სა და იმედის ჟურნალისტებმა შეძლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *