ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში აზიარა.

მიტროპოლიტის თქმით, ეს ისტორიული დღეა. მისი თქმით, სააკაშვილი 40 დღე მშრალ მარხვაზე იყო, ნებაყოფლობით დიდი ღვაწლი გაწია, აღსარება ჩააბარა და ღირსეულად ეზიარა.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ სააკაშვილს შიმშილობის შედეგი გარეგნულად ეტყობა და ის დასუსტებულია, თუმცა საღად აზროვნებს.

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის  თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო ზიარება და ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ პატრიარქმა გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ სააკაშვილს მიეღო ზიარება.

” დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე და დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი პირველი შეფასება.

საპყრობილეში მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მე მინდა, ამ მოვლენის შეფასება გავაკეთო.

ეს არის ფიზიკურად პატარა ნამცეცი სულ პატარა, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო. მინდა გითხრათ, რატომ ვთვლი, რომ დღეს არის ისტორიული დღე: მასზე ხშირად ამბობენ ასეთ რამეს, რომ მოინანიოს, შეინანოს და მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არა „ნიანგის ცრემლები“ ანუ მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც ბევრჯერ გვინახავს, სამწუხაროდ.

მე ვიტყვი ისეთ წინადადებებს, რომელზეც შეკამათება არ შეიძლება – ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი; რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ მათ და არასოდეს არავის მოუწია შენიშვნა, რომ უღირსად ვაზარე ადამიანი.

იგი ეზიარა ღირსეულად და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება და ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია.

ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისა და გაძლიერებისთვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება რომ ქვეყნის პირველი პირი ნებაყოფლობით ასეთნაირად, დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს… მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე ასეთი მშრალი მარხვის შენახვა ნამდვილად, აღსარება და ზიარება ჩემი აზრით არის დიდი ღვაწლი.

მე შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ, თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი მაგალითებ იარ ვიცი – ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა, ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც მძიმე ცოდვებით იყო და ეს ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი ეს ღვაწლი გასწია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *