მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, იმას რომ ექსპრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, გარდა არაადამიანური მოპყრობისა, კადრები იმასაც ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი სურვილის საწიინააღმდეგოდ
გადაიყვანეს გლდანის საავადმყოფოში. 

“კადრებში ვიხილეთ #18 დაწესებულებაში მოყვანის პროცესი, სადაც ნათლად დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ის არ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში და მიუხედავად მისი კატეგორიული წინააღმდეგობისა, ის მოიყვანეს გლდანის #18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, არ თანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა საკუთარ წინააღმდეგობრივ პოზიციას და ეს არის ზუსტად ასახული ამ კადრებზე და ასევე, არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაზეც ვაპელირებდით ზუსტად, ღირსებისშემლახავი მოქმედება, რაც ბუნებრივია, სამწუხაროა”, — აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

პენიტენიცურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

თავდაპირველად, ვიდეოში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ათამდე ბადრაგმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გადმოიყვანა, შენობაში და შემდეგ ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანა, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს.

ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ გაიწია, თუმცა ხელი არ დაურტყამს.

მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როდესაც გლდანის ციხეში გადაიყვანეს. გავრცელებულ წერილში ის იქ შეყვანის დეტალებს აღწერს. სააკაშვილის თქმით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *