თუკი ვინმე არის დაინტერესებული პატიმრის ჯანმრთელობით და სიცოცხლით, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ 

 

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ისინი მათი ოპონენტებისგან განსხვავებით ექსპრეზიდენტს  მუდმივად მოუწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენ.  ბრეგაძე ამბობს, რომ ოპონენტები სააკაშვილის არათუ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, პირიქით, ეუბნებიან, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტს, როგორც პოლიტიკოსი თავს გაინადგურებს.

ხაზგასმით ვამბობ, თუკი ვინმე არის დაინტერესებული პატიმრის ჯანმრთელობით და სიცოცხლით, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და ყველა დონეზე ყოველთვის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც ამისკენ არ მოუწოდებენ. არის ხალხი, რომელიც არა თუ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, არამედ ეუბნება, რომ თუკი შიმშილობას შეწყვეტ, იქნები განადგურებული, როგორც პოლიტიკოსი. ამის შემდეგ ჩვენ ვინმე გვისვამს შეკითხვას იმის შესახებ, რომ ჩვენ ხელს ვაწერთ თუ არა მკვლელობაზე? ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ყველამ კარგად ჩაიხედოს თავის გაკეთებულ საქმეებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა. მისივე თქმით, ექიმებს ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

„ჯანმრთელობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა. ამიტომ, ექიმებს უნდა მივცეთ ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა. ყველას მოვუწოდებთ, აცადონ ექიმებს მუშაობა, თავი დაანებონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მედიცინა და პოლიტიკა და დააცადონ ექიმებს მუშაობა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ადამიანს ჯანმრთელობაზე. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს, რომლიც გულწრფელად ზრუნავს ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *