პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გლდანის 18 დაწესებულებას აქვს ყველა საჭირო რესურსი პაციენტთა მკურნალობისა და ჯანმრთელობის მეთვალყურეობისთვის.

უწყება ამის დასტურად ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელი დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ტექნოლოგიებს გვაჩვენებს. უწყების განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ დაწესებულებას პატიმარ სააკაშვილის  სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო ტექნიკა არ გააჩნია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. 

“№18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს. ამიტომ, საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

გაცნობებთ, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით.

საყურადღებოა ისიც, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.

N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (სამკურნალო) დაწესებულება შეუფერხებლად, ცენტრალიზებულად მარაგდება ჟანგბადით და ამისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური „ქარხანაც“ ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულების/მსჯავდებულების ჯანმრთელობის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფილია კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საშუალებით (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სადეზინფექციო ხსნარი და სხვ.)
დაწესებულების პერსონალს ინტენსიურად, ყოველკვირეულად უტარდება PCR ტესტირება, ასევე შუალედური ტესტირება სწრაფი/მარტივი მეთოდით.” აცხადებს პენიტენციური სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *