იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს,
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას
სთავაზობს.
"ვთავაზობთ შემდეგს: რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის
სახელობის თავდაცვის სამინისტროს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს
არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს
მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული", — თქვა რატი ბრეგაძემ
როგორც
მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე
აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.
"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის,
არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა
შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი
იქნება რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე, ხაზგასმით
უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის
შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და
შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება
#18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს
პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.
ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო
დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ, ღამით მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის
რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები