მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს.

ექსპრეზიდენტი გორში გლდანის N18 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, სადაც ის რუსთავის ციხიდან გადაყვანის შემდეგ მკურნალობდა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცედურამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. გვარამიას თქმით, ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან დააზუსტებენ დეტალებს, თუ რა სიხშირით და როგორ შეძლებენ სააკაშვილის მონახულებას.

გუშინ, 19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და ის 50 დღე შიმშილობდა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

18 ნოემბერს ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმის დროებითი ღონისძიების პროცესში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა. 

ნინო  ლომჯარიას განცხადებით, სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი პროცედურა მხოლოდ არსებითი განხილვის დროს არის შესაძლებელი და არა დროებითი ღონსიძიებისას. მისივე თქმით, იმავე თხოვნით არსებითი განხილვის დროს, აუცილებლად მიმართავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *