“სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას”,

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა და ტენდენციები არის შემაშფოთებელი, რაც ხელისუფლების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს. 

„რეალურად, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს, შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს მუშაობა იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. ეს არის კატასტროფა და ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ, ხელისუფლებამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ამბობს, რომ მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. 

„რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ ხედვას, რომელიც არსებულ მიდგომას შეცვლის. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს გაჯანსაღებული, ახალი სისტემით. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი ათასობით საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმნათ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც ევროპის ქვეყნებში არის გამოცდილი.

„მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს აქვთ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. თუმცა ასევე უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მოძებნონ სხვა სამსახური და მეტი შემოსავალი გაუჩნდეთ. იყიდონ ტელევიზორი, მაცივარი, სახლებიც გაარემონტონ და ა.შ. ვფიქრობ, ახალი პროგრამა შეცვლის რეალობას და ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდებათ მოტივაცია იშრომონ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა შევაჩვიოთ. რა თქმა უნდა მუშაობა უნდა ყველას, თუმცა უჭირთ სამუშაო ადგილების შოვნა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების ჩართვაც იგეგმება, რომ ადამიანები სხვადასხვა პროფესიებში გადამზადდნენ. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე განათლების სამინისტრო უკვე ინფორმირებულია და მზადება აქვს დაწყებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *