„ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი


„ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ", -


პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. კონკრეტიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალია სპორტი, მუშაობა, დასაქმება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში  არსებული ლიბერლური ნარკოპოლიტიკა საზოგადოებისთვის მავნებლური და დამაზიანებელია:

„მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ, რადგან პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს."- პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილმა გადაცემაში ასევე ისაუბრა ფსიქოტროპული მეტიკამენტების გაყიდვის რეგულაციების გამკაცრებაზე. 

"აი, ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება, როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორად მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრის თქმით, ამ პრობლემებიდან გამოსავალი საზოგადოებრივი შრომა ე.წ. "Public work"-ია, რომელიც აპრობირებულია ევროპის წარმატებულ ქვეყანებში და მთვავრობის ახალი ინიციატივაც სწორედ, დასაქმების ამ მოდელს ეყრდნობა.

„მთავარი გამოწვევები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე განვიხილე ეკონომიკურ გუნდთან, ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე არსებობს ევროპის წარმატებულ ქვეყნებში. ეს ე.წ. Public work, საზოგადოებრივი საქმიანობა, შრომა, არის უკვე აპრობირებული, დატესტილი, გამოცდილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ აქედან წამოვიღეთ ეს ინიციატივა." - აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 


 

| Print |