მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა - გიული ალასანია

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  სააკაშვილი ფერმკრთალია და სუსტად არის.

გიული ალასანია ამბობს, რომ მთავარი მაინც მისი შვილის მძიმე ფსიქოლოგიური განწყობაა. ექსპრეზიდენტის დედის თქმით,  მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს პროცესებში, რათა მიხეილ სააკაშვილის "თავისუფლებაზე" გაყვანა მოხდეს.  ალასანია ასევე ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას და ამბობს, რომ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანმა შიმშილობამ რაიმე მოძრაობა დააზიანოს. 


„სისუსტე აქვს აშკარად, მაგრამ მთავარია, რომ მისი ეს ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე მაინც. ძალიან მძიმეა, რადგან უზომოდ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაში გამოიხატება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაზეც მისი უკრაინელი ადვოკატიც საუბრობს.

„ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის. ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით, რით? გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




| Print |