სააკაშვილის საქმეზე, პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
პროკურორმა განაცხადა, რომ გვარამიას აცილების აუცილებლობა 7 ნოემბრის მოვლენებში მისი ჩართულობითაა გამოწვეული.

"ჩართული იყო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების გაგზავნაში ტელეიმედში. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია და იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ მოდულში, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმედში შევიდნენ და გამოაძევეს ჟურნალისტები", — განაცხადა პროკურორმა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი აცხადებს, რომელიც ერთადერთია მედიიდან, ვინც პროცესს ესწრება,  პასუხად გვარამიამ თქვა: "აზრზე არ ხარ რას ლაპარაკობ ყოფილი პროკურორი შენ ხარ აქ". მანვე განაცხადა, რომ თუ ამ საქმის ფიგურანტად მიიჩნევა, აქამდე დაკითხავდნენ და ის არათუ ბრალდებული, არამედ მოწმეც კი არ ყოფილა. მისივე თქმით,  ის ამ პროცესში არ იყო ჩართული როგორც პროკურორი, მხოლოდ ბრიფინგი ჩაატარა, რაც საქმეში მონაწილეობის მიღება არაა.

"თუ მე ფიგურანტი ვარ აქამდე როგორ არ დამკითხეს? ტყუილია ეს ვის მივეცი მე იმედში წასვლის დავალება? თქვენ წარმოგიდგენიათ რო კონტრადაზვერვას მივეცი დავალება და მოწმედაც არ ვარ გამოძახებული? ბრალდება წაყენებული კი არა მოწმეც კი არ ვარ. თუ ეს ყველაფერი მე მეხებოდა მე გავაკეთე. რასაც მე ვკითხულობდი ჩემი დაწერილი ბრალი არ იყო, მე სპიკერი ვიყავი.", — განაცხადა გვარამიამ. 


მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა არ იკვეთება და კოლეგიის სხვა წევრების აზრის გათვალისწინებით, აცილების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებენ.

„კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის,
განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.
| Print |