ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის ომზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინ მის მიერ საქართველოს დატოვება, თბილისში რუსული ჯარების შემოსვლას და რუსეთის დროშის აფრიალებას ნიშნავდა.

„იცით, 2008 წელს, როდესაც რუსებმა შემომითვალეს ფრანგების, სარკოზისა და ამერიკელების მეშვეობით, რომ მეორე დილით ისინი შემოდიოდნენ თბილისში და მე და ჩემს ოჯახს დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა საქართველო. მათ მანამდე დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც მერე აღვადგინეთ და სულ სხვანაირია ახლა. მათ დაბომბეს ბათუმის აეროპორტის მიდამოები, თბილავიამშენის აეროპორტიც კი. ერთადერთი, რაც მათ არ დაბომბეს, იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის არ დაბომბეს, იყო მათი ულტიმატუმი, რომ სააკაშვილი მოახტეს ახლა თვითმფრინავს და გაქუსლოს სადღაც უცხოეთში, თავის ახლობლებთან ერთად. არ დაგიმალავთ, რომ ზოგიერთი ამერიკელიც, ჩემი მეგობრები მირჩევდნენ, რომ ეს გამეკეთებინა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები შემოვიდოდნენ თბილისში და აუცილებლად განახორციელებდნენ იმას, რასაც პუტინი დაჰპირდა სარკოზის, ჩემი ერთი ადგილით დაკიდებას და ასევე, ჩემი ახლობლების განადგურებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად სულ ორი-სამი წუთი დასჭირდა. 

„იცით, რას ვფიქრობდი ამ დროს. მე გამახსენდა, რომ 1921 წელს და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, როდესაც ბოლშევიკური არმია შემოვიდა თბილისში, საქართველოს მთავრობა წავიდა ჯერ ბათუმში, შემდეგ სტამბოლში და შემდეგ საფრანგეთში. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ლევილის მამულში, რომელიც მათ იყიდეს, სადაც ცხოვრობდნენ. მე ვიცი, რომ ამ წასვლიდან 10 წლის, 20, 30, 40 წლის შემდეგაც, უკვე ბებრები ისხდნენ და არჩევდნენ ამ ძველ ამბებს იმ საქართველოზე, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ ნახავდნენ ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ არასოდეს ჩემს თავს არ ჩავიყენებდი ასეთ სიტუაციაში. ჩემ მიერ თბილისის დატოვება ნიშნავდა თბილისში რუსული ჯარების შემოსვლას და თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას. ეს იყო ამ ულტიმატუმის შინაარსი. აგერ ავღანეთში მსგავს გარემოებებში დატოვა პრეზიდენტმა დედაქალაქი და ეგრევე შემოვიდა მეორე ძალა. ჩემი საყვარელი პრეზიდენტი – რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და მინდა, სამწუხაროდ ვთქვა, რომ დღეს ალბათ დაგვიდგა დრო, როდესაც ეს არის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *