,,ხმების ქურდებს სიცოცხლე”, ,,კარუსელი 41″, ,,გაბათილება ჩემზე იყო”, ,,მეტყვიან ასეაო, ასეა.

მეტყვიან ისეაო, ისეა”-ამ ლოზუნგებით ქუთაისში 2021 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ზალიკო კუხიანიძე და მიშო მუმლაძე საკრებულოს შენობის შესასვლელთან აქციას მართავენ, ისინი 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეულ საკრებულოს და ქუთაისის მერს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

,,ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მე პირადად ვნახე როგორ არიგებდნენ ფულს და შემდეგ როგორ იმალებოდნენ მაგიდის ქვეშ.
კომისიის წევრებს აიძულებდნენ არჩევნების შედეგი გაეყალბებინათ და ბათილად ეცნოთ ბიულეტინები, რომლებშიც ,,ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი” იყო შემოხაზული. კომისიის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, როგორ აუძულებდნენ გაეყალბებინათ არჩევნები. პირადად ვნახე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი როგორ ახდენდა ხალხის მობილიზებას და მათზე ზეწოლას. ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ხელფასის გაზრდას ითხოვს, კითხვა მაქვს ყველა ქუთაისელთან: რაში ვუხდით მას ხელფასს, ბიუჯეტის ფლანგვაში?. ვცდილობ შენობაში შევიდე, პოლიცია მეუბნება ორი დღით ადრე უნდა აიღო საშვი, რომ სხდომაზე შეგიშვანო, რაც ტყუილია. ველოდები პასუხს. თუ არ შემიშვებენ, ჩემი ძალებით შევალ სხდომაზე”, – ამბობს ზალიკო კუხიანიძე.

სამოქალაქო აქტივიატები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *