NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ნატოში გაწევრიანების მომხრე 77%-ია
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს
მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი
საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? გამოკითხული მოსახლეობის
83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ
იცის 3%-მა.
ამავე კვლევის თანახმად მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში
გაწევრიანება მნიშვნელოვანია, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს
ნატო-ში გაწევრიანებას.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო
გახდეს ნატო-ს წევრი? - გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის
მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის
12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ
ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად,
მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით
ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ
ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები