ორხევში სახლების ნგრევა მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის გამოვლინებაა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისის მერიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დემონტაჟის პროცესი ორხევის დასახლებაში და უზრუნველყოს დაზარალებული ადამიანები გრძელვადიანი საცხოვრისითა და საჭირო სერვისებით.
"თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნაგებობების დემონტაჟის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს. ამ პროცესში მერიის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს არსებული მშენებლობების ნებართვის გარეშე აშენების ფაქტი და კანონის ფორმალური აღსრულება — "უკანონო" საცხოვრისების დემონტაჟი.

ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევა არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ამის დადასტურებაა დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის მიერ აფრიკის დასახლების ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დაშლა, ასევე, თბილისის მერის არაერთი განცხადება უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის ფორმალურად დაცვის მოტივით საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და გაიაზროს ადამიანების სოციალური დაცვისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკუთარი ვალდებულებები.

"არსებითია, რომ მერიამ, ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე რელევანტურ სხვა აქტორებთან ერთად, უზრუნველყოს საცხოვრისის პოლიტიკისა და ღირსეული სერვისების ჩამოყალიბება და გაფართოება და არ დაუშვას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უგულებელყოფა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შექმნა", - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
დღეს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორხევის დასახლებაში მერიის მიერ დანგრეული სახლების მფლობელებს თბილისში ბინები, ხოლო რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვთ. მისი თქმით, სახელმწიფო ტერიტორიების უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის ექნება რეაგირება.





| Print |