საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
საქართველოს ახალი საგარეო მინისტრი ჰყავს - დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილ მინისტრს, დავით ზალკალიანს, ის აშშ-ის ელჩი გახდება.

ილია დარჩიაშვილს განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით აქვს მიღებული. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად, ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად და ფილიალის მმართველად.

2015-2016 წლებში ილია დარჩიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ამავე წლებში აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2016-2017 ის ისევ დაუბრუნდა დიპლომატიას და იყო საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021 წლებში კი გახდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. 2021 წლიდან ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

| Print |