,,ქართული ოცნების’’ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოს მიმართ არაერთი ბინძური პროვოკაცია ხორციელდება.

საქმე ეხება უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საზოგადოება საკმაოდაა გაზრდილი იმისთის, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს.

“ძალიან მძიმეა ახლა საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც არის ჩართული ომში და რომელიც იცავს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ჩვენ ვართ მომსწრე ყველა, რომ ომის პარალელურად საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება არაერთი ბინძური პროვოკაცია. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია იმ თვალსაზრისით, რომ აფასებს საკითხებს ისტორიული კონტექსტით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ძალიან კარგი დასკვნები გამოაქვს”,ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

ბრალდებას ალოგიკურს უწოდებენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ ბრალდებაში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება, რათა ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *