,,გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება"-ექიმების აქცია ქუთაისში
ქუთაისში მომუშავე ექიმებმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი ექსპრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და ითხოვენ დაუშვან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

,,ყოველდდიურად ვეცნობით სავალალო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. დღეს ექიმების დუმილი დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ მხოლოდ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, სხვა ალტერნატიულ ექიმთა ჯგუფის დასკვნა არ გვაქვს. გვაქვს უფლება ვიცოდეთ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მიერ იქნება ჩატარებული. სირცხვილია ,რომ 21-ე საუკუნეში, ადამიანი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენდა, ასეთ მდგომარეობაშია. 21 -ე საუკუნეში ადამიანი ,მითუმეტეს პრეზიდენტი, ასე ველურად არ უნდა მოკვდეს," -ამბობს ექიმი ნატალია ბაბუხარდია.

,,მე სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში და ვიცი რა ხდება იქ. იქ პატიმრებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა უტარადებოდათ, მაგრამ მიხეილ ექსპრეზიდენტი შესაბამის დახმარებას ვერ იღებს, რის გამოც მძიმე მდგომარეობაშია. მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამას კანონი განსაზღვრავს. მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება,"-ამბობს ექიმი ირაკლი მერკვილაძე.


ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
| Print |