„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი შეთავაზებით დღეს მიმართეს, მაგრამ დღეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად გამოკვლევებზე სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გადაიყვანენ.

„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა. მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე,”- ამბობს კობა ნაყოფია.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *