ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

რეორგანიზაციის ფარგლებში უქმდება 2 სამსახური, ასევე იქმნება 2 სამსახური და ერთი ააიპი.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, თავიდან შეიქმნება წინა რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმებული ორი სამსახური, ესენია: კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვის და სამშენებლო ნებართვების სამსახური.

უქმდება ორი სამსახური: საბინაო სამსახური ინფსრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, დასუფთავების სამსახურში განყოფილების სახით გაერთიანდება. ასევე, გაუქმდება ზედამხვედველობის სამსახური, რომლის ბაზაზეც ააიპი შეიქმნება და მუშაობას ,,მუნიციპალური ინსპექციის’’ სახელწოდებით გააგრძელებს. ააიპს დამატებით მუნიციპალური საკუთრების დაცვის ფუნქციაც დაეკისრება.

,,რეორგანიზაციის მიზანი იყო დაგვებრუნებინა არქიტექტურის სამსახური. გამომდინარე იქედან, რომ მერიაში თანამდებობის პირების რაოდენობა 12-ს არ უნდა აღემატებოდეს, თანამდებობის პირებად კი მერი, მისი მოადგილეები და სამსახურების უფროსები მიიჩნევიან, აუცილებელი იყო გაგვეუქმებინა რომელიმე სამსახური. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბინაო სამსახური ინსფრასტრუქტურის სამსახურს განყოფილების სახით შეერწყას. ინფრასტრუტურის სამსახური ინფრასტრუქტულ პროექტებს ახორციელებს, საბინაო სამსახური კი საბინაო ინსფრასტრუქტურაზე მუშაობს, ამიტომ ამ ორი სამსახურის გაერთიანება საჭიროდ ჩავთავალეთ. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე ააიპი შეიქმნება, რომელსაც მუნიციპალური საკუთრების დაცვაც დაევალება. აქამდე სკვერებს და ბაღებს არავინ იცავდა, ამიტომ ასეთ ადგილებში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. სწორედ ამიტომ, შესაბამისი ობიექტები სათვალთვალო კამერებით აღიჭურვება, ასევე, შეიქნება საველე ჯგუფი, რომელიც მათ დაცვას უზრუნველყოფს,’’ -ამბობს ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

რაც შეეხება კითხვას, გაიზრდება თუ არა თანამშრომელთა რაოდენობა ააიპის დამატებითი ფუნქციის გამო, ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ ეს კონკრეტული ააიპის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია, რომელიც გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს.

რეორგანიზაციის პროცესში მმართველი გუნდის ინტერესს ხედავს ოპოზიცია. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ აცხადებს, აღნიშნული რეორგანიზაცია არა მერიის მუშაობის გაუმჯობესებას, არამედ საკუთარი აქტივისტების დასაქმებას ემსახურება.

,,ქმნიან ააიპს, რომელსაც მუნიციპალური საკუთრების დაცვის ფუქნციას უმატებენ. ცხადია, გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა. მერია საკუთარ აქტივისტებს დაასაქმებს. დირექტორებად საკუთარ ხალხს აირჩევენ. თავის დროზე კულტურის სამსახური იმიტომ გააუქმეს, რომ ამ სამსახურში ავტორიტეტი არ ჰყავდათ, მათ განათლებული ხალხი არაფერში სჭირდებათ და ის ადამიანები, რომლებიც ამ სამსახურში მუშაობდნენ, კვერცხის სროლაში გაწაფულები არ იყვნენ. მაშინ რეორგანიზაცია რომ დაიწყეს, ამბობდნენ, რომ ეს პროცესი ხარჯების შემცირებას ემსახურებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ მერიის თანამშრომელთა ხელფასები 25 მილიონიდან 33 მილიონამდე გაიზარდა,’’-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიგა შუშანია.

მერიაში ისევ 9 სამსახური იქნება.

რეორგანიზაციის პროცესი 28 თებერვალს დაიწყო და 28 მაისს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *