ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა.

დაპირისპირება ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქუთაისის მერიის თანამშრომლების ანტიევროპულ კამპანიაში და ,,ნაციონალური მოძრაობის” შეურაცხყოფაში დადანაშაულებას მოჰყვა. ,,ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებზე განმარტება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ გააკეთა. პეტრე ადამაძის თქმით, ის მისი თანამშრომლების დისკრიმინაციას არ დაუშვებს.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კომენტარმა ,,ნაციონალური მოძრაობის” გაღიზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც ,,ქართული ოცნების” და ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

,,იმ პირობებში, როცა ევროპისკენ მივისწრაფვით და ჩვენი უმთავრესი მიზანი 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულება უნდა იყოს, მერიის თანამშრომლები ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიან. პეტრე ადამაძემ მათ მადლობაც გადაუხადა. ეს სამარცხვინოა.,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი კილაძე.

,,ქართული ოცნების” წევრები კი ,,ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს დესტრუქციულ ქმედებად და დეპოლარიზაციის გაღრმავებად აფასებენ.

,,მათ არ შესწევთ უნარი იმსჯელონ მნიშვნელოვან საკითხებზე, ამიტომ დგამენ სცენებს. ევროსაბჭოში ასე არ იქცევიან, ასე შორს ვერ წავლენ,”–აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

დღეს ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. 

ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიგა შუშანია ყვება, რომ 28 ივნისს, ის და მისი გუნდი ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ბუკლეტებს არიგებდნენ და საინფორმაციო კამპანიას ატარებდნენ, რა დროსაც მათთან ქუთაისის მერიის ააიპების თანამშრომლები მივიდნენ და კამპანიისთვის ხელის შეშლა სცადეს. გიგა შუშანიას თქმით, 40-მდე მერიის თანამშრომელი გაბრაზებული მოქალაქეების როლს ასრულებდა და ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *