,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიასთვის ყალბი ბრალდების საფუძველზე პატიმრობის შეფარდებით სცადა, საქართველოს ევროპული მომავალი “დაესამარებინა”, რასაც აშშ-ის საელჩოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვა.

,,ბუნებრივია, ყველამ მოსამართლემ კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ემსახურებიან არა საქართველოს კანონმდებლობას და გადაწყვეტილებებს იღებენ არა კანონის, არამედ ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ასეთ შემთხვევაში მათ არ უნდა ჰქონდეთ დასავლურ სიკეთეებზე წვდომის საშუალება. ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ დასავლეთი ამას გაატარებს, იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში ერთადერთ რამეს – ეს არის დემოკრატიის განმტკიცება, რაც ბუნებრივია მოიცავს და მოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ახლა, ამ განცხადებით ლაშა ჩხიკვაძე საერთოდ ახალ სიმდაბლეზე დაეშვა, ფსკერი გახვრიტა, იმიტომ, რომ თუკი აქამდე დავალება შეასრულა და ყალბი ბრალდებით დააპატიმრა ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი, ამ განცხადებით ის უკვე ღიად ჩაერთო “ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში”, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთი დააშანტაჟოს და პროცესში უკვე მოსამართლეებიც ჩართეს.

,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, სადაც ლაშა ჩხიკვაძე ევროპარლამენტარებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და რატომ გამოიყენა სასჯელად პატიმრობა. ამის შემდეგ კი მას უთხრეს, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებდა აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა ვიზიტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *