საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.

მისი თქმით, ადგილი არ ჰქონია არც შანტაჟს, რაც ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას უკავშირდება.

,,როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ,’’-აცხადებს კელი დეგნანი.

ის, ასევე, ოცნებიდან წასული სამეულის ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს. მისი თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც ამ ნარატივს მმართველი პარტიის წევრებიც ავრცელებენ. კელი დეგნანის შეფასებით, ეს არის ყურადღების გადატანა იმ მნიშვნელოვანი საქმიდან, რომელიც ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის უნდა გაკეთდეს.

,,საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას, – ამბობს აშშ-ის ელჩი.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ დასავლეთი თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა შეწყდეს რუსეთის ოკუპაცია მშვიდობიანად და მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ უამრავ ადამიანს.

ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ელჩთან. ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *