ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.

გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭომ 22 ივნისს გამოაქვეყნა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ასოცირების საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირველი ეტაპი შეასრულა. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნდა გაიხსნას სახელწიფო შესყიდვების ბაზარი, რაც ამ დრომდე იმის გამო ვერ ხორციელდებოდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა შესყიდვების საკითხებში ევროკაშირის დირექტივებთან სრულ შესაბამისობაში არ იყო.


,,განხორციელდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც ევროკავშირის საბჭომ შესყიდვების ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებები სხვადასხვა კუთხით განხორციელდა, რაც ტექნიკური საკითხია. ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებული ცვლილებებიდან აღსანიშნავია, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების სპეციალური ორგანოს ჩამოყალიბება, რასაც ევროკავშირი ითხოვდა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჩვენ ასოცირების ხელშეკრუკლების ერთი ეტაპი დავასრულეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ საქონლის ბაზარი გაიხსნა, შემდეგ ეტაპზე იგეგმება მომსახურების ბაზრის გახსნა, მესამე ეტაპზე კი - სამშენებლო და ინფრასტრუქტურული საქმიანობების ბაზრის გახსნა. ჯამში, ხუთი ეტაპია გასავლელი. ამ ეტაპზე საქართველოს შეუძლია ევროკავშირის ორგანიზაციებს მიაწოდოს მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, თაფლი, ვაშლი, მოცვი და ა.შ,’’-ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბუჯიაშვილი.


ევროკავშირის ბაზარზე 2 ტრილიონი ევროს შესყიდვა ხორციელდება და 250 ათასამდე შემსიყდველი სახელმწიფო ორგანიზაციაა.


,,ეს არის კოლოსალური ბაზარი. ქართულ კომაპნიებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში, გააფართოვონ ბიზნესი, დაასაქმონ მეტი ადამიანი და მოარგონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს. ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოიყენონ,’’-ამბობს დავით ბუჯიაშვილი.


გამოცხადებული ტენდერების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ - Tenders Electronic Daily-ზე (TED) 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერები ნახონ.

| Print |