ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, ,,ევროპა ჩვენი სახლია", შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს
ქუთაისის მერიამ ორგანიზაციას ,,ევროპა ჩვენი სახლია" 7აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე, ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო ჯარიმა დაუწერა. საჯარიმო ოქმებს სასამართლო დღეს 16:00 საათზე განიხილავს. თუ მოსამართლე მერიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ორგანიზაცია 1000 ლარით დაჯარიმდება. ორგანიზაციის დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის შეფასებით, ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ატარებს. 

,,საჯარიმო ოქმში წერია, რომ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სტიკერები თვითნებურად გავაკარით, საუბარია თეთრ ხიდზე. ხედავთ უტიფრობის ხარისხი რამხელაა? თეთრი ხიდი თავად მერიამ დააზიანა თავისი არაგეგმიურობით. ჩვენი დაჯარიმების  რეალური მიზეზი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება არ ყოფილა,  ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებაში რუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან და ანტისაოკუპაციო ბანერების გაკვრის გამო გვსჯიან.  მერიამ ჯარიმა სტიკერების გაკვრის გამო 2019 წლის მარტშიც გამოგვიწერა, მაგრამ მაშინ სასამართლომ ეს ფაქტი არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებად, არამედ გამოხატვის თავისუფლებას ჩათვალა. იმედი გვაქვს, ეს სტანდარტი არ შეიცვლება,"-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

მისი თქმით, სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, ის მისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის რაიმე მოქმედების შეკავების განმსაზღვრელი არ იქნება.
| Print |