შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.

მინისტრი ადასტურებს, რომ მას სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

მისივე განმარტებით, დაკავების დროს სამართალდამცავებმა ის ძირს დააწვინეს, რა დროსაც შეიძლებოდა დაზიანებები მიეღო.

,,ფოტო არ მინახავს, რომ ავედი დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, მე შევედი ვესაუბრე რა თქმა უნდა, რაზე ვესაუბრე მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები. თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე ცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, მაგაზე იჩივლებს და საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები არის, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა და გამოიძიებენ, თუ ზედმეტად სცემეს, გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქუთაისში 20 სექტემებრს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის გუშინ, ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, “სპრინტერი”, რუსეთის დროშა და ანკესი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *