“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას

, რომ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვის პროცესი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მოხდა. ორგანიზაციის განმარტებით, საკრებულო ვალდებულია საჯაროდ განიხილოს ბიუჯეტის პროექტი, რაც ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებს ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.”საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. საკრებულო ვალდებულია საჯაროდ განიხილოს ბიუჯეტის პროექტი, რაც ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებს ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განმარტებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროაქტიულად გამოქვეყნებული ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტის ნახვა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვის მოწყობას, მათივე განმარტებით, ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, რადგან ქალაქის ბიუჯეტის გარკვეული ფინანსური პარამეტრები მიბმულია ცენტრალური ბიუჯეტის განაწილებასთან და ცენტრალური ბიუჯეტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის მიღება მიზანშეუწონელია.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ამგვარად განმარტავს: “შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება”. ნათელია, რომ აღნიშნული განმარტება არ მოიაზრებს საჯარო განხილვას და შესაბამისად ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებით ვერ მოხდება საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ საჯარო განხილვის მოწყობამდე ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას ელოდება, მსგავს დათქმას კანონი არ ითვალისწინებს და ასევე, გაუგებარია, თუ როგორ მოხერხდა ქვეყნის სხვა თვითმმართველობებში მსგავსი საჯარო განხილვების ჩატარება (ბათუმი, ზუგდიდი, თელავი)”,- აღნიშნულია განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” დადებიტად აფასებს იმას, რომ მოსახლეობასტან შეხვედრა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა რადფგან ბიუჯეტის პროექტი ცვლილებებს განიცდის მიიჩნევს, რომ ალაქის საკრებულოში წარდგენამდე მისი საჯარო განხილვა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით უნდა მოხდეს. “თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის საკრებულოში წარდგენის ვადა 10 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, გაუგებარია, როდის გეგმავს ქალაქის ხელმძღვანელობა საჯარო განხილვის გზით გააცნოს საზოგადოებას ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და მათგან წამოსული შენიშვნები ან/და რეკომენდაციები მოისმინოს და გაითვალისწინოს.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამჭვირვალე მმართველობისათვის, შესაბამისად მივმართავთ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას უზრუნველყოს ქალაქის ბიუჯეტის პროექტის დროული მომზადება და კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით, ქალაქის საკრებულოში წარდგენამდე მისი საჯარო განხილვა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *