საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი,

28 თებერვალს, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის  სხდომაზე საუბრობს სადაც, კომისიის წევრებში სიცილი და ღლიცინი მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ქალთა თანასწორობის საკითხების დაყენებას.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომები ჟურნალისტებისვის დახურულია.

“სამარცხვინო და არა საკითხზე ორიენტირებული დისკუსია გამოიწვია ქალთა უფლებების და ზოგადად, თანასწორობის საკითხის წამოწევამ… სამარცხვინო იყო ის ღლიცინი, რომელიც მოჰყვა ქალთა უფლებების და ქალთა თანასწორობის თემას. ძალიან სამწუხაროა და განსაკუთრებით იმედგაცრუებული დავრჩი იმით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან არ იყო ადეკვატური რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ისიც შეუერთდა ამ სიცილს,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას უფრო ფართოდ შეეხო საკითხს, რა მოხდა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, როცა ქალთა უფლებების საკითხი წამოიწია:

“თანასწორობის პოლიტიკასთან და კავშირებით იყო მართლა სამარცხვინო გამოხმაურებები. იქ მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე ადამიანი ცდილობდა ეთქვა, რომ აქ საკითხის მნიშვნელობაზე არავინ დაობს, მაგრამ კონსტიტუციაში არ არის ადგილი ამის ჩასაწერად, მაგრამ, ნათლად გამოჩნდა, რომ საკითხზეც ბევრი დაობს. ის, რომ ქალებზე ძალადობენ, ბევრს და ზოგს ჰგონია, რომ თითიდან გამოწოვილი თემაა. ამაზე ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ იცინონ, იღლიცინონ, ამაზე არასერიოზულად ისაუბრონ და ეს თემა წარმოაჩინონ, თითქოს, როგორც უაზრო ბრძოლა,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ამ საკითხზე აქცენტები მინდია უგრეხელიძემ გააკეთა, რომალმაც თქვა, რომ აოცებს ამ ადამიანების თავგანწირული ბრძოლა, რომელიც არაფრამდე არ მიდის.

“ვუპასუხე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ბრძოლაა მსოფლიო ისტორიაში, იმიტომ, რომ, 50 წლის წინ რომ ყოფილიყო ეს კომისია, აქ ქალები არ ისხდებოდნენ მეთქი. დღეს ვსხედვართ და 50 წელზე ცოტა ხანში აქ ისხდებიან შშმ პირები, ლგბტ პირები და ა.შ… ძალიან სამწუხაროა ის, რომ კომისიის წევრებს, რომელთაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავათ აქამდე და დღეს კომისიის წევრები არიან, იურისტები არიან, როგორც ჩანს, საერთოდ არ ესმით თანასწორობის იდეა. მათ არ ესმით ის, რომ კანონში ჩაწერილი ფორმალური თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ მეც და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც შევძლებთ, თანაბრად ვისარგებლოთ, მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

28 თებერვალს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომა გაიმართა.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *