ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ბინის მისაღებად ადგილობრივ თვითმმართველობაში 400-მდე განაცხადია შესული.

მერიში ამბობენ, რომ ახლა განაცხადების განხილვა და გადამოწმება მიმდინარეობს. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ბენეფიციარების მონაცემებს სოციალურ სამსახურთან ერთად ქონების მართვის სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებს. “როგორც კომისიის წევრს და მოადგილეს შემიძლია გითხრათ, რომ დაგზავნილი გვაქვს წერილები სხვადასხვა სამსახურებში, საიდანაც უნდა მოგვივიდეს პასუხები და თვის ბოლოს ალბათ დასრულდება ეს პროცესი. 400-მდე ადამიანის და მათი ოჯახის წევრების მონაცემების სრულად შემოწმება ხდება. პატარა შეცდომაც კი უნდა გამოირიცხოს. როგორც კი ინფორმაცია სრულად გვექნება კომისია გააგრძელებს ინტენსიურად მუშაობას. პირველ ეტაპზე მოხდება იმ ადამიანების გამოყოფა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. შემდეგ დარჩენილი ბენეფიციარების შემოწმება და ქულების მინიჭება მოხდება. ვფიქრობ, რომ ზაფხულში ყველა პროცედურა დასრულდება”, – განაცხადა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსიმა და კომისიის წევრმა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *