ქუთაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის

მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აფგან მუხთარლისთვის სოლიდარობის გამოსახატავად ჟურნალისტები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა სახელმწიფოს ქმედება ამ საქმესთან დაკავშირებით იყოს ადეკვატური.

“ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას აშენებს და ხმამაღლა გვაქვს გაცხადებული, რომ ვიღწვით და ვისწრაფვით ევროპისკენ მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს არც უცხოელი და არც ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ. დღეს ჟურნალისტებმა გავაპროტესტეთ ის, რომ ამ საქმესთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომა იყოს ადეკვატური”,- განაცხადა ჟურნალისტმა ქეთევან ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტები ითხოვენ, რომ გახმაურდეს რეალური ისტორია თუ რა მოხდა და აღნიშნავენ, რომ მომხდარი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

“ხელისუფლებამ მართლა იმხელა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ქვეყნის მონაპოვარს, რომ ეს პატარა აქციები კიდევ უნარჩუნებს ქვეყანას სახეს. მოვითხოვთ, ადეკვატურ ისტორიას თუ რა მოხდა ჩვენს კოლეგასთან დაკავშირებით და რათქმაუნდა პასუხისმგებლობის აღებას”, – განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა თბილისშიც სადაც აქტივისტებს აფგან მუხთარლის მეუღლეც შეუერთდა.

“საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქართულ მხარს ჩემი მეუღლის გატაცებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ადვოკატმა პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ის სახლთან ახლოს აიყვანეს და გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. ამის გარდა საყურადღებოა ისიც, რომ საზღვრის გადაკვეთა აფგან მუხთარლის ბალაკანის გამშვები პუნქტიდან აიძულეს და არა მწვანე ზონიდან. ის საზღვარზე საღამოს გადაიყვანეს”, – განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *