არასამთავრობო ორგანიზაციის “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ორგანიზებით

ქუთაისში დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას და ქალი კანდიდატების მხარდაჭერას მამაკაცების მხრიდან.

დღეს ქუთაისის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში, ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა და საიას ერთ-ერთი დამფუძნებელმა ნოდარ ჯიქიამ და ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა გელა თუთბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები, მათ ისაუბრეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მხარს უჭერდა აქტიურ ქალებს პოლიტიკაში, ჩვენს პარტიაშიც შექმნილია ქალთა ორგანიზაცია დიდი ხანია. ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, სადაც არჩევნებზე ქალები სიის 30 % არიან. აქ საუბარია იმაზე, რომ გამსვლელ ათეულში სამი ქალბატონი იქნება წარმოდგენილი.”-განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

კამპანია იმართება პროექტის “თანასწორობა იგებს”” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *